- მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კონცეფცია
- 2001 წლის ნოემბერში ევროკომისიამ მიიღო „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კონცეფცია“ (Life Long Learning), რომელიც განსაზღვრავს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პრინციპებს. კონცეფცია ზრდასრული მოსახლეობის განათლებას განიხილავს, როგორც განათლების სისტემის განუყოფელ ნაწილს. ამ დოკუმენტის საკვანძო მოთხოვნებია: ახალი საბაზო კვალიფიკაციების ხელშეწყობა (საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობა, უცხოური ენების ცოდნა, მეწარმეობა და სოციალური უნარ-ჩვევები); ინვესტიციების ზრდა ადამიანური რესურსების განვითარებისათვის; სწავლებისა და სწავლის ახალი მეთოდების გამოყენება; არაფორმალური და ინფორმალური (სპონტანური) განათლების საყოველთაო აღიარება; პროფესიის არჩევასა და განათლების შესაძლებლობების თაობაზე ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის კონსულტაციების სისტემის გაუმჯობესება; განათლების მიღების შესაძლებლობების მიახლოება მოსწავლეთა საცხოვრებელ ადგილებთან, ანუ „ადგილებზე სწავლის შესაძლებლობების შექმნა“. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სტრატეგია გამიზნულია შრომის ბაზარზე მობილობის გაუმჯობესებისათვის. ამ სტრატეგიას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობების ამაღლებისა და მოქალაქეთა თვითრეალიზაციისათვის.Source: შენი არჩევანი-შენი წინსვლაა : [ცნობარი / პროექტის ხელმძღვ. ლიუდმილა კლოტცკი] - თბ., 2008 : შპს "საარი"
Georgian encyclopedia. 2013.